სერგეი რახმანინოვი
სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი (რუს. Сергей Васильевич Рахманинов; დ. 1 აპრილი [ძვ. სტ. 20 მარტი], 1873, ონეგი, ახლანდელი ნოვგოროდის რაიონი — გ. 28 მარტი, 1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, დასაფლავებულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად) — რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. განთქმულია ნაწარმოებით „რაფსოდია პაგანინის თემაზე“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი).
რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომანსები.
90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი.
1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა.
1911–1915 წლებში რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში.
1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი რახმანინოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სერგეი რახმანინოვი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)