ექსპონომეტრი
ექსპონომეტრი, ექსპოზიმეტრი (ლათ. expono — „ვაჩვენებ“ და ...მეტრი) — ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ ექსპოზიციას ფოტო- კინო- და ფოტოპირგადაღების დროს.
განასხვავებენ ცხრილურ, ოპტიკურ, ფოტოელექტრულ და ფოტოქიმიურ ექსპონომეტრებს. ცხრილითურთ განსაზღვრავენ დაყოვნების მიახლოებით მნიშვნელობას. დაყოვნება უფრო ზუსტად განისაზღვრება ოპტიკური ექსპონომეტრით, რომლის გამოყენებისას ობიექტის სიკაშკაშეს ვიზუალურად აფასებენ სოლის ან სხვა სამარჯვებით, რომლებიც თვალისაკენ მიმართულ სხივთა კონას არეგულირებენ. კიდევ უფრო ზუსტია ფოტოელექტრული ექსპონომეტრი, რომელშიც ფოტოელემენტი შეერთებულია ლუქსებით გრადუირებულ გალვანომეტრთან. ფოტოელექტრული ექსპონომეტრი დამოუკიდებელი ხელსაწყოა, ზოგჯერ კი ფოტოაპარატშიცაა ჩამონტაჟებული. ექსპოზიციის განსაზღვრის სიზუსტეს განაპირობებს ფოტოელემენტისა და გალვანომეტრის მგრძნობიარობა, გაზომვის მეთოდი, გადასაღები ობიექტი, ტემპერატურა, ფოტოფენის თვისებები და ფოტოაპარატის ობიექტივის სისტემა. ფოტოელექტრულ ექსპონომეტრს იყენებენ აგრეთვე ფოტოგრაფიული ბეჭდვის დროსაც. ფოტოქიმიურ ექსპონომეტრში გაშუქებულ საკონტროლო შუქმგრძნობიარე ზოლს ადარებენ ხელსაწყოს ეტალონზე გამუქებულ ზოლს და ეტალონის მონაცემთა საშუალებით განსაზღვრავენ ექსპოზიციის საძებნ სიდიდეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 254.