შინაარსზე გადასვლა

ჰემოროი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰემოროი (ბუასილი) — სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები[1][2].

დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა დანახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს. გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).

პათოლოგიური ჰემოროის მქონე ადამიანების 40%-ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი სიმპტომები. გარე და შიდა ჰემოროის გამოვლენა სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ ადამიანს კი შეიძლება ჰქონდეს ამ ორის კომბინაცია. სისხლდენა საკმარისია ანემიის გამოწვევისთვის, რაც იშვიათია; უფრო იშვიათად ვხვდებით სასიცოცხლოდ საშიშ სისხლდენას.

ნიშნები და სიმპტომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ჰემოროი ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, მას ახლავს ღია წითელი შეფერილობის სისხლდენა დეფეკაციის პროცესში ან მას შემდეგ. ის ხდება მტკივნეული იმ შემთხვევაში, თუ ის თრომბოზირებული ან ნეკროზირებულია

შიდა და გარე ჰემოროი

რომ არა თრომბოზი, გარე ჰემოროის შეუძლია უსიამოვნების გამოწვევა. თრომბოზირებული კი შედარებით მტკივნეულია. ტკივილი გადის ორ-სამ დღეში, თმცა შეშუპება შესაძლოა გაქრეს რამდენიმე კვირაში. თუ ჰემოროი დიდია და იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს, შესაძლოა მან გამოიწვიოს გარშემო კანის დაზიანებაც.

ორსულობის დროს გარე ჰემოროის არსებობისას ქირურგიული ჩარევა არ ხდება, რადგანაც ოპერაცია უნდა წარიმართოს ნარკოზის ქვეშ, რაც შესაძლოა დედის ოროგანიზმში მყოფი ნაყოფისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

თრომბოზირებული გარე ჰემოროი

ჰემოროის სიმპტომები შეიძლება იყოს: სისხლდენა ანალური ხვრელიდან, განსაკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს და მის შემდეგ; ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ანალური ხვრელიდან; დისკომფორტის შეგრძნება ანალური ხვრელის მიდამოში; ქავილი და ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში; თრომბის განვითარება პერიანალურ მიდამოში. ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა

ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

კლასიფიკაცია სტადიებით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუასილის (ჰემოროის) პირველი სტადია – ჰემოროიდული კვანძების გადიდება, თანმდევი სისხლდენით; მეორე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, შემდგომ დამოუკიდებლად ჩასწორდებიან; მესამე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, მაგრამ მათი ჩასწორება ხდება ხელით; მეოთხე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან და არ ჩასწორდებიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Chen, Herbert (2010). Illustrative Handbook of General Surgery. Berlin: Springer, გვ. 217. ISBN 978-1-84882-088-3. 
  2. Schubert, MC; Sridhar, S; Schade, RR; Wexner, SD (July 2009). „What every gastroenterologist needs to know about common anorectal disorders“. World J Gastroenterol. 15 (26): 3201–09. doi:10.3748/wjg.15.3201. ISSN 1007-9327. PMC 2710774. PMID 19598294.