შინაარსზე გადასვლა

სიერა-ლეონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიერა ლეონეს რესპუბლიკა
Republic of Sierra Leone
სიერა ლეონე
სიერა-ლეონეს
ჰიმნი: High We Exalt Thee, Realm of the Free
სიერა-ლეონეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ფრიტაუნი
8°31′ ჩ. გ. 13°15′ დ. გ. / 8.517° ჩ. გ. 13.250° დ. გ. / 8.517; -13.250
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯულიუს მაადა ბიო
ფართობი
 -  სულ 71 740 კმ2 (119-ე)
 -  წყალი (%) 1.0
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 5 525 000 (107-ე)
 -  5 426 618 აღწერა 2000 
 -  სიმჭიდროვე 77 კაცი/კმ2 (112-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $4.921 მილიარდი (151-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $903 (172-ე)
აგი (2007) 0.336 (დაბალი) (177-ე)
ვალუტა ლეონი (SLL)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი SLE
Internet TLD .sl
სატელეფონო კოდი 232

სიერა-ლეონე (ინგლ. Sierra Leone), ოფიციალურად სიერა-ლეონეს რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Sierra Leone) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ესაზღვრება ორი სახელმწიფო გვინეა და ლიბერია. ფართობი — 72 ათ. კმ². დედაქალაქი — ფრიტაუნი.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს ლეონე-ლიბერიის მაღლობს (მთა ბინტიმანი 1948 მ), ჩრდილოეთით შემოჭრილია ფუტა-ჯალონის მასივის შტოქედები, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა.

ფიზიკური რუკა

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის, ტიტანის, რუტილის მადანი, ალმასი, ბოქსიტი. ჰავა ეკვატორულია. სანაპიროზე ყველაზე ცივი თვის (აგვისტო) საშუალო ტემპერატურაა 24 °C, ყველაზე ცხელისა (აპრილი) - 27 °C. ნალექები მთაში 4 000 მმ-ზე მეტია წელიწადში. ქვეყნის შიგა ნაწილში საშუალო თვიური ტემპერატურები რამდენადმე დაბალია, ნალექები 2000-2500 მმ წელიწადში. მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეებია კაბა, როკელე, ჯონგი, სევა, მოა. ნიადაგები უმთავრესად წითელ-ყვითელი ფერალითურია, სანაპიროზე - ჭაობისა და ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით 5%-ზე შემორჩენილია ნოტიო მარადმწვანე და ფოთოლმცვივან-მარადმწვანე ეკვატორული ტყე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მაღალბალახოვანი სავანაა, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - მეორეული ბუჩქნარი.

ცხოველთა სამყარო ძლიერაა განადგურებული. შემორჩენილია მაიმუნი, ანტილოპები, ჯიქი და სხვა. ბევრია ფრინველი და მწერი (მათ შორის ბუზი ცეცე).

ადამიანის უძველესი დასახლებები სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე პალეოლითის პერიოდს განეკუთვნება. XV საუკუნეში ჩაისახა ფეოდალური ურთიერთობა. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გვაროვნულ-ტომობრივი კავშირები, შემორჩენილი იყო მონობაც. 1462 წელს ესპანელი ზღვაოსანი პედრუ დი სინტრა მოადგა ამ ქვეყნის სანაპიროს და მას სიერა-ლეანი (სიტყვასიტყვით - ლომის მთები) უწოდა. XVI საუკუნიდან სიერა-ლეონეში ჩადიან ინგლისელები. 1808 წელს სანაპირო ნაწილი ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა. 1896 წელს სიერა-ლეონეს კოლონიის მომიჯნავე ქვეყნის ყველა შიდა რაიონი ინგლისის პროტექტორატი გახდა, შემოიღეს ირიბი მმართველობის სისტემა. XIX საუკუნის ბოლოდან ინგლისელებმა დაიწყეს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების (ძვირფასი ჯიშის ხე-ტყე, მიწის თხილი, პალმის ზეთი) ექსპლუატაცია. XIX საუკუნის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ (1898 წლის ბაი ბურეს აჯანყება).

მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ კაპიტალური ურთიერთობის განვითარებამ სიერა-ლეონეში გამოიწვია მუშათა კლასისა და მოსამსახურეთა რიცხობრივი ზრდა. ჩაისახა ეროვნული ბურჟუაზია. 40-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა პირველი პროფკავშირები, ხოლო 50-იან წლებში სხვადასხვა საზოგადოება და პოლიტიკური პარტია. 1951 წელს დაარსდა სიერა-ლეონეს სახალხო პარტია (სლსპ), რომელიც მოითხოვდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში აფრიკელთა მონაწილეობის გაფართოებასა და რეფორმების გატარებას, მოგვიანებით სიერა-ლეონეს დამოუკიდებლობას გაერთიანებულ სამეფოსთან კავშირის შენარჩუნებით. 50-იან წლებში მოეწყო მუშათა და გლეხთა მასობრივი გამოსვლები. ბრიტანელი ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. 1957 წლის მაისში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. შეიქმნა მთავრობა სლსპ-ის ლიდერის მ. მარგაის მეთაურობით. 1961 წლის 27 აპრილს სიერა-ლეონე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში. 1961 წლის სექტემბერში სიერა-ლეონე გაეროში მიიღეს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: