შინაარსზე გადასვლა

სვასტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვასტიკა
სვასტიკის უძველესი კერები მსოფლიოში

სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებმოხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.

სიმბოლური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვასტიკის მნიშვნელობა არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად ის მაინც კოსმიური მოძრაობის, შემოქმედი ძალის, ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის გამომსახველი ნიშანია.

სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.

საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში - სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც „ქანის“ ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐),

აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ.

შუმერში სვასტიკა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის - ინანას სიმბოლოა, აქ იგი პირდაპირ კავშირშია ნაყოფიერების მისტერიასთან. გარდა ამისა შუმერები გრაფიკულ კალენდარს სვასტიკის ფორმას აძლევდნენ, სადაც ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი აქვს, რაც სეზონში სამი თვის არსებობის ნიშანია.

ბაბილონურ მითოლოგიაშიც სვასტიკა იშტარის (ინანას სემიტური ინიციაცია) სიმბოლოა. მას ხშირად ხატავენ იშტარის ჭიპს ქვევით,

სვასტიკას ფართოდ იცნობდნენ მინოსურ სამყაროშიც, ის აქ გვხვდება მუზარადებზე, მონეტებზე, თიხის ნაწარმზე. ასევე ტროაში (აქაც არა ერთი კერამიკა იქნა აღმოჩენილი სვასტიკით მოჩუქურთმებული), რომელიც ნაყოფიერების ძალას უკავშირდება და ეტრუსკებთან, სადაც ის მეომრის მუდმივი ატრიბუტი იყო.

საბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, იშვიათად მამაკაცური საწყისის სიმბოლო, მას ბერძნები სახავდნენ ზევსთან, ჰელიოსთან, ჰერასთან, არტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას „ტესერა-გამაც“ ჰქვია, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს „გამას“ (ქართული ასომთავრული — sqwqb) წარმოადგენს.

ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე „აღორძინების“ კულტთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ჩინეთში სვასტიკა ქალური საწყისის, ინის აღიარებული იდეოგრამაა, სვასტიკის, როგორც სიცოცხლესმოქმედი ძალის, მზის ენერგიისა და თავად შემოქმედის სიმბოლო, ხშირად გამოიყენებოდა ჯაინიზმშიც.

განსაკუთრებით ფართო დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ძველ ინდოეთში, ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გვხვდება მისი ნიშნები, რომელიც ვედურ სამყაროში ახალ დატვირთვას იძენს და ბუდიზმის სიმბოლიკის ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა ნიშნად მკვიდრდება. სვასტიკას ინდო-არიელები ხშირად იყენებდნენ საკულტო ტაძრებზე (პაგოდებში), ბუდას ქანდაკებებზე (შუბლზე, გულ-მკერდზე, ან „მზის წნულთან“), თავად სიტყვა „სვასტიკაც“ ამ კულტურის მატარებელი ხალხის - ინდო-არიელების ენიდან, სანსკრიტიდან, არის დამკვიდრებული. მაგრამ ძველ ინდოეთში არსებობდა კიდევ „სუბასტიკა“, რომელიც ჩვეულებრივი სავსტიკისგან განსხვავებით, საათის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს და „ღამის სიბრძნის“, „მაგიური ცოდნის“ სიმბოლოა, რომელიც ასევე „სიკეთის ძალებთან“ არის დაკავშირებული. ანუ ერთგვარი „მზიანი ღამეა“. ასეთი შემობრუნებული სვასტიკა, ანუ სუბასტიკა ბუდას ქანდაკებებზეც გვხვდება.

მძივი ნაპოვნი ირანის ტერიტორიაზე (გილანის პროვინცია) ძვ. წ. II ათასწლეული.

სვასტიკა (და ბორჯღალაც) ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ირანში, ავესტურ საკულტო ხელოვნებაშიც.
მას ჯერ კიდევ მსოფლიოს მესავე ქალაქი სახელმწიფოს - ელამის ეპოქიდან იცნობენ,
მაგრამ არც ინდო-ევროპული ტომების დამკვიდრების შემდეგ იცვლება საერთო სურათი და
ირანო-არიული მოდგმის რელიგიებშიც (ზოროასტრიზმი, მითრა, მაზდეანობა) ცენტრალური ადგილს იკავებს..

სვასტიკის სიმბოლიკას, როგორც სამეფო მნიშვნელობის რეგალიას , იყენებდა კარლოს დიდიც (742-814),
რომელიც ფრანკთა უზარმაზარი იმპერიის დამაარსებელი იყო. სვასტიკას მის სამეფოში ეთაყვანებოდნენ,
როგორც შემოქმედი ძალის, ერთობის და მხედრული სიმამაცის სიმბოლოს.

სკანდინავიურ და ძველ გერმანულ მითოლოგიაში ის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაების — თორის სიმბოლოა, რომელიც ელჭექისა და ნაყოფიერების ღვთაებაა, მას ხელთ უპყრია სვასტიკის ფორმის ჩაქუჩი, რომლის მოქნევის შემდეგაც იბადება ცაზე ელჭექი.

ინდიელთა ნავაჰოს ტომის სვასტიკა (ჩრდილოეთ ამერიკა)

ამერიკაში ინდიელთა ხელოვნებაშიც აქტიურად გამოიყენებოდა იგი. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მას მაიებისა და აცკეტების ცივილიზაციებში ვხვდებით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - ტენესების, ოჰაიოების და ნავაჰოების ცივილიზაციებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვასტიკა პრეისტორიული ცივილიზაციების შემაკავშირებელი ელემენტია. ცნობილი ატლანტოლოგი ზაიდლერი ვარაუდობდა, რომ სვასტიკა „ატლანტიდის ცნობილი ცივილიზაციიდან შემორჩენილი ნაშთი“ იყო.

სვასტიკა და ნაციზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1920 წლის აგვისტოში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო (ერთი ვერსიით იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ ჰაუსჰოფერს ჯერ კიდევ ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების „ტულეს საზოგადოების“ დაარსების დროს (1919 წ.), რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი). ამ სიმბოლომ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რაზეც ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: „ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა“. მან სვასტიკა დაუკავშირა „არიული რასის“ სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო ნაცისტური იდეოლოგია ააგო.

სვასტიკის მოზაიკა სინაგოგაში.

სემიტურ სამყაროში სვასტიკის გამოსახულება საკმაოდ ხშირად გვხვდება. მას აქაც წმინდა და საკრალური დანიშნულება აქვს. შესაძლოა ეს კავშირი სათავეს შუმერიდან იღებდეს, რადგან სემიტური კულტურა შუმერული კულტურის წიაღიდან აღმოცენდა. სვასტიკამ განსაკუთრებული დანიშნულება მოიპოვა ძველ ისრაელში. აქ მზისა და კოსმიური მოძრაობის ამ უნიკალურ ნიშანს ხშირად იყენებდნენ სინაგოგების მოჩუქურთმებისას. ძველი ისრაელის უმთავრეს ტაძარშიც კი — სოლომონის ტაძარში — გვხვდებოდა სვასტიკის მისტიური ორნამენტი.

სვასტიკა ქრისტიანულ სამყაროში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ქრისტიანობის დროს, რომში, სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო — სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში — ჯვრის მონასტრის კედლებზე.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ლუდოვიკ ზაიდლერი „ატლანტიდა“ მ., 1966
  • რამაზ პატარიძე „ქართული ასომთავრული“ თბ., 1960
  • რატი იონათამიშვილი „ბორჯღალასა და სვასტიკის გენეზისისთვის“ თბ., 2006
  • Мифы народов мира, энциклопедия М., 1991
  • Тресиддер Джек, «Словарь символов» М. 1992
  • T. Wilson “The swastika, the earlist known symbol and its migrations” Wosh. 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი : სვასტიკა [1][მკვდარი ბმული];
  • მზის ხანა საქართველოში – გრიგოლ რობაქიძე [2];
  • საბჭოთა სოციალისტური სვასტიკა, შთაგონება გერმანული ნაციონალურ–სოციალისტური სიმბოლოსი — რექს კერი [3] დაარქივებული 2008-04-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.)