შინაარსზე გადასვლა

საჩხერის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საჩხერის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
საჩხერის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი საჩხერე
კოორდინატები 42°20′23″ ჩ. გ. 43°24′17″ ა. გ. / 42.33972° ჩ. გ. 43.40472° ა. გ. / 42.33972; 43.40472
ფართობი 973 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 37 775 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 38,82 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,77 %
რუსები 0,08 %
ოსები 0,07 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,85 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://sachkhere.gov.ge/ge/
საჩხერის მუნიციპალიტეტი — საქართველო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი, რომლებიც დაყოფილია 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქად და 12 თემად.

მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით – ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით – ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. რაჭის ქედის კალთა ძირითადად აგებულია შუაიურული პორფირიტული ქანებით და იურული კირქვებით, რომლის გავრცელების ზოლში განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები, კანიონისებრი ხეობები, ფლატეები. ქედი ძლიერ დანაწევრებულია. მთავარი წყალგამყოფის სამხრეთით გაწოლილია ურთიერთპარალელური გასწვრივი ქედები — პეპელეთი, საშვი, ორღულ-ბაჯითი და სხვა, რომლებიც ერთიმეორესგან გამოყოფილია სინკლინური ხეობებით. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2400 მ.-ს აღემატება. მდინარეებს გამომუშავებული აქვთ ღრმა გამკვეთი ეროზიული ხეობები. რაჭის ქედის საჩხერის მონაკვეთზეა ხიხათის უღელტეხილი.

იმერეთის მაღლობის ფარგლებში ჭარბობს ვაკე რელიეფი. გეოლოგიურად შეესატყვისება ძირულის კრისტალურ მასივს, რომლის საძირკველიც არის უძველესი ასაკის კრისტალური ქანები. მაღლობის ფარგლებში გამოიყოფა ორი განსხვავებული ნაწილი. ერთი უფრო ვრცელი კორბოულის ბორცვიანი ვაკეა, რომლის სიმაღლეა 500-800 მეტრი. იგი აგებულია მიოპლიოცენური თითქმის დაუნაოჭებელი ნალექი ქანებით. ვაკე სუსტად დახრილია და დანაწევრებულია ღრმა ეროზიული ხეობებით. კირქვულ ქანებში ჩამოყალიბებულია კარსტული რელიეფის ფორმები, არის ვულკანური ფორმებიც (გორაძირის მთის ორი ლაკოლითური ბორცვი). მაღლობის მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთმა ნაწილმა ზედა მესამეულში განიცადა აზევება, ნალექი ქანები გადაირეცხა, წარმოიშვა დენუდაციური ზეგანი ფართოდ გაშიშვლებული უძველესი კრისტალური ქანებით. მის მაქსიმალურ აზევებას შეესატყვისება ლიხის ქედი, რომლის მახასიათებელია საფეხურებად განლაგებული მოსწორებული ზედაპირები და ღრმა ეროზიული დანაწევრება. ლიხის ქედზეა ჯვრის უღელტეხილი. მდინარე ყვირილის ორივე მხარეს მდებარეობს საჩხერის ქვაბული ფართო ვაკე ძირით, რომელიც ალუვიონითაა დაფენილი.

წიაღისეულიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კვერეთის გოგირდოვანი წყლები, რომლის ბაზაზე მუშაობს კურორტი კვერეთი. არის აგრეთვე კვარცის სილები (არგვეთი, ბაჯითი, იტავაზა, იცქისი, სავანე, სარეკი). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის სხვა საბადოებია:

მუნიციპალიტეტი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობს. დაბალ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-დან 11,7 °C-მდეა (საჩხერე 11,7 °C, კორბოული 10 °C). იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4-0,3 °C, ივლისისა — 20-22,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -28, -31 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 37-დან 41 °C-მდე.

მთებში ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს. ნალექები 900-1480 მმ წელიწადში (საჩხერე 900 მმ, კორბოული — 1480 მმ.) ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი ზამთარში და შემოდგომაზეა. საშუალო მთიან ზონაში ნალექების რაოდენობა 1500-1700 მმ-მდეა. აქ ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია, მინიმუმი — ზაფხულში. თოვლის მდგრადი საბურველის ხანგრძლივობა 30-დან 100 დღემდეა.

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა. მუნიციპალიტეტს ეკუთვნის მდინარე ყვირილის შუა მონაკვეთი. აქ რაჭის ქედიდან ჩამოედინება მისი მარჯვენა შენაკადები: ჯრუჭულა, ჩიხურა, ხახიეთისწყალი. მდინარეთა აქსელი შედარებით მეჩხერია კორბოულის ზეგანზე, რომლის ზედაპირს კვეთენ მდინარეები დუმალა და სხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე მიედინება მდინარე ძირულა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი წყაროა, მათ შორის მინერალური.

ნიადაგები და ლანდშაფტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიადაგების ძირითადი ტიპები იცვლება სიმაღლებრივი ზონების მიხედვით. ფართოდაა გავრცელებული საშუალო და მცირე სისქის ტიპური ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი ნიადაგები. რაჭის ქედის თხემურ ზოლში მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. კორბოულის ზეგანზე, კირქვიან სუბსტრატზე — ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო საჩხერის ქვაბულის ძირზე ალუვიური ნიადაგებია.

მუნიციპალიტეტში გამოხატულია ლანდშაფტების შემდეგი სიმაღლებრივი ზონა: 1. გორაბ-ბორცვიანი მთისწინეთის ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებულია მუხისა და მუხნარ-ჯაგრცხილის ტყეები. 2. დაბალმთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (მარადმწვანე ქვეტყით). 3. დაბალმთიანეთის სუსტად დანაწევრებული სტრუქტურული პლატო, ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებითა და ფართოფოთლოვანი ტყეებით. 4. ძლიერ დანაწევრებული საშუალო მთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული წიფლნარ-რცხილნარი 5. მთა-ტყის ყომრალ და გაეწერებულ ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული წიფლნარი 6. სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ტყემდელოს ნიადაგებზე. 7. სუბალპური მთა-მდელო, ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით, ბუჩქნარებითა და მაღალბალახეულობით. 8 ალპური მთა-მდელოს კორდიან-ტორფიან და პრიმიტიულ ნიადაგებზე განვითარებული აპლური მდელოები და ბუჩქნარები.

მუნიციპალიტეტში კარგადაა გამოხატული მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობა. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს. მთისწინეთსა და კორბოულის ზეგანზე 500-700 მ.-მდე გავრცელებულია მუხნარი და მუხნარ-ჯაგრცხილნარი. ტყეს ძირითადად წიფელი ქმნის. ამას გარდა გვხვდება ქართული მუხა, რცხილა, ჯაგრცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, თელა და სხვა. ტყეში არის კუნელი, ზღმარტლი, იელი, თრიმლი და სხვა. დაბალმთიან ზონაში, 800-1000 მ-მდე, გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. აქ იზრდება კოლხეთის მეზოფილური ტყის დამახასიათებელი ელემენტები: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, მურყანი. ქვეტყეს მეტწილად ქმნიან შქერი, წყავი, ბაძგი და სხვა. მთის ტყის შუა სარტყელი უკავია წიფლნარ-რცხილნარს. ტყეში ხარობს აგრეთვე ცაცხვი, თელა, ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეშია შქერი, წყავი, ბაძგი, მაღალი მოცვი, თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვა. რაჭის ქედის კალთაზე 1400-1500 მ.-ის ზემოთ არის მხოლოდ წიფლნარი. ქედის თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური ტყე-მდელოს მცენარეულობა: სუბალპური პარკული და ტანბრეცილი ტყეები და სუბალპური ბუჩქნარი და მაღალბალახეული საფარი, პარკულ ტყეებში გაბატონებულია ნეკერჩხალი, ტანბრეცილ ტყეებში — არყი, ცირცელი და წიფელი. სუბალპურ ბუჩქნარებში გვხვდება დეკა, ღვია, მოცვი, მაღალბალახეულ საფარში — დიყი, დუცი, შროშანი, დეზურა და სხვა. სუბალპური სარტყლის ზედა ზოლი უკავია დამკორდებელ მარცვლოვან მდელოებს. ალპური მდელოს მცენარეულობა მხოლოდ დაღვერულის მთის კალთებზეა. აქ მდელოს ქმნის ბურბუშელა, ქარცხვი, მარმუჭი, კვლიავი, ბაია, ნაღველა, ქვატეხია, ძიგვა და სხვა.

გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ზონების ცხოველები. ტყის ბინადარი ჩლიქოსნებიდან გვხვდება შველი; მტაცებლებიდან — დათვი, ტურა, მგელი, მელა, ფოცხვერი; კვერნების ოჯახიდან — მაჩვი, ტყის კვერნა, თეთრყელა კვერნა და სხვა. მღრღნელებიდან გვარცელებულია ტყის თაგვი, ვირთაგვა და სხვა; კურდღლისებრთაგან — კურდღელი; მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ზღარბი და სხვა.

ბევრია ფრინველი: კოდალა, ქორი, მიმინო, ყორანი, ყვავი, ჩიტბატონა, შოშია, შაშვი, გუგული, ჩხიკვი და სხვა. ქვეწარმავლებიდან არის მწვანე ხვლიკი, ზოლებიანი ხვლიკი, გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, გველგესლა და სხვა. მდინარეებში იცის კალმახი, წვერა, ქაშაპი, გველთევზა, ღორჯო და სხვა. ტყისა და აპლურ ზონებში ბინადრობს არჩვი, დათვი, მგელი, მელა, თაგვი, მემინდვრია, როჭო, შურთხი, მთის ტოროლა, მთის არწივი და სხვა.

რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია აკაკი წერეთლის ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები ექვთიმე თაყაიშვილი, ბორის კუფტინი, ოთარ ჯაფარიძე, ჯურხა ნადირაძე. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: პასიეთის გორასამარხი, ნაჩერქეზევი, სარეკის ეხი; ნამოსახლარები მოდინახეს ციხეზე, სოფლებში არგვეთი, საირხე, კალვათა, ჭორვილა, ჭალა.

გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, ხოლო აბაშიძეების - სოფელი ჭალა.

1928 წლამდე ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1928-1930 წლებში — ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში — ჭიათურის რაიონში. 1939 წლის 11 ივლისს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საჩხერის რაიონი ჭიათურის რაიონს გამოეყო.

1991 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სინაგურის სასოფლო საბჭოს სოფლები თედელეთი, სინაგური, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი, სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომლებიც მანამდე სამხრეთ ოსეთის აო-ში შედიოდნენ.[3] ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ.[4]

დასახლებული პუნქტების უმეტესი ნაწილი საჩხერის ქვაბულსა და იმერეთის მაღლობზეა. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400-800 მ. ფარგლებში. 1985 წლის მონაცემებით სოფლად ცხოვრობდა რაიონის მოსახლეობის 85 %. 2014 წლის მონაცემებით კი სოფლად ცხოვრობს 83,7 %. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ოსები და რუსები. 1985 წლის მონაცემებით საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე იყო 50 ადამიანი, 2014 წლის მონაცემებით კი არის 38,82 ადამიანი.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 44 968
2002 46 261
2014 37 775
2021[5] 34 800
პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 26 30                                                          
  ნაციონალური მოძრაობა 1 2    
  საქართველოსთვის 1  
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 29 33  

ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მევენახეობას, მესაქონლეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების (სიმინდი, ლობიო) წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარციან ქვიშას. გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-გომი, ასევე რკინიგზგის მონაკვეთი ზესტაფონი-საჩხერე. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.

სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მეღვინეობა, გავრცელებული ჯიშებია ცოლიკოური, იზაბელა, ალიგოტე, ციცქა, ქვიშხური, ძელშავი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი კვერეთი.

ქორეთის ღვთაების ეკლესია

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის აკაკი წერეთლის სახელთან დაკავშირებული ისტორიული ძეგლები. სოფელ სხვიტორში დგას 1834 წელს აშენებული სასახლე, რომელიც აკაკის მამას, როსტომ წერეთელს ეკუთვნოდა და რომელშიც აკაკი იზრდებოდა და ცხოვრობდა. ამჟამად ამ სახლში აკაკის სახლ-მუზეუმია მოწყობილი. ასევე სოფელ სავანეში შემორჩენილია აკაკის ძიძის ქოხი, სადაც გაძიძავებული აკაკი იზრდებოდა.

სოფელ ცხომარეთის მიდამოებში მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, სადაც შენახული იყო ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება. სოფელ სავანეში დგას 1046 წლის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ხუროთმოძღვარმა ჰარაბამ ააშენა. ეკლესიაზე სამშენებლო წარწერაა. სოფელ ქორეთში დგას ორი ეკლესია. მათგან ერთ-ერთზე - ქორეთის ღვთაების ეკლესიაზე, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, შემორჩენილია ქორეთის ეკლესიის წარწერა, რომელიც 1000 წელსაა შესრულებული. სოფელ სპეთში დგას XI საუკუნის სპეთის ზედამაცხოვარი. ამ ეკლესიის კანკელი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.

სოფელ დარყაში ყოფილ დასახლება ჭაბუკმთის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი დარბაზული ეკლესია: ბერეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და საღმრთო საყდარი.

სოფელ ჭალაში დგას XIX საუკუნეში აშენებული ხალხური არქიტექტურის ნიმუში, ტრადიული იმერული ოდა სახლი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია:

  1. georgia-ethnic-2014
  2. georgia-religion2014
  3. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  4. რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. Protocol elected municipal council members and mayors 2017 ka გვ. 76–78. CESKO Central Election Commission. ციტირების თარიღი: 2022-10-10[მკვდარი ბმული]
  7. Protocol elected municipal council members and mayors 2021 ka გვ. 94–96. CESKO Central Election Commission. ციტირების თარიღი: 2022-10-10[მკვდარი ბმული]