შინაარსზე გადასვლა

ერგნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ერგნეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ტირძნისი
კოორდინატები 42°11′56″ ჩ. გ. 43°59′27″ ა. გ. / 42.19889° ჩ. გ. 43.99083° ა. გ. / 42.19889; 43.99083
ცენტრის სიმაღლე 840
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 457[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,8 %
სომხები 1,1 %
რუსები 0,4 %
ოსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ერგნეთი — საქართველო
ერგნეთი
ერგნეთი — შიდა ქართლი
ერგნეთი
ერგნეთი — გორის მუნიციპალიტეტი
ერგნეთი

ერგნეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი), მდ. ლიახვის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 840 მ-ზე, ქალაქ გორიდან 28 კმ-ის, ხოლო ცხინვალიდან — 8 კმ-ის დაშორებით.

2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლები ერგნეთში.
ქართული პოლიციის საგუშაგო პუნქტი სოფ. ერგნეთთან (2021 წ.)

ერგნეთი მოხსენიებულია 1451 წლის საბუთში, რომლის თანახმად ამირეჯიბმა რამინ გაბელისძემ იქ მცხოვრები ჯოხასძე თავისი მამულით სვეტიცხოველს შესწირა. ერგნეთს მოიხსენიებს ასევე XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი ლიახვის ხეობის სოფელთა სიაში. 1865 წელს ერგნეთი თავისი 17 ქართული კომლით გორის მაზრის მეღვრეკისის სასოფლო თემში შედიოდა. 1904 წლის 2 აგვისტოს სოფელში გადასახადების წინააღმდეგ მოხდა გლეხთა მღელვარება, რის დროსაც დაარბიეს სოფლის ეკლესია და მისი შემოგარენი.

1990-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ცხინვალთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ერგნეთი სპონტანურად იქცა ქართველებსა და ოსებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ცენტრად. 1996 წლისთვის აქ შეიქმნა დაახლოებით 50 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ე. წ. ერგნეთის ბაზრობა, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ბაზრობაზე ძირითადად რუსეთიდან შემოტანილი უაქციზო და განუბაჟებელი პროდუქტებით ვაჭრობდნენ. 2004 წელს საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაბანდასთან ბრძოლის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით ბაზრობა დახურა.[2]

სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, ხოლო მის მომდევნო პერიოდში სოფლის ჩრდილოეთ ნაწილის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოაწყეს მავთულხლართების გამყოფი ხაზი.[3] 2017 წელს ერგნეთის მცხოვრების, სამოქალაქო აქტივისტის ლია ჩლაჩიძის ინიციატივით ომის დროს დაზიანებულ მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფში მოეწყო ექსპოზიცია „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“.[4]

2009 წლის თებერვლიდან ერგნეთში რეგულარულად ტარდება ე. წ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობენ საქართველოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, რუსი სამხედროების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.[5]

ერგნეთში დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესიამთავარანგელოზის და ღვთისმშობლის სახელობის.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 457 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[6] 639 301 338
2014[1] 457 225 232
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. ნარიმანიშვილი ნ.,რა როლი ჰქონდა ერგნეთის ბაზრობას კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრის პროცესში და რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა, „ჯემნიუსი“, 12 ივლისი 2024.
  3. აფციაური გ., https://www.radiotavisupleba.ge/a/ergneti-ekvsi-tslis-shemdeg/26520138.html, „რადიო თავისუფლება“, 8 აგვისტო 2014.
  4. ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან - ლია ჩლაჩიძე და ქეთი ბებიაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 23 იანვარი 2023.
  5. ერგნეთში IPRM-ის 120-ე შეხვედრა გაიმართა, „სამოქალაქო საქართველო“, 23 ივლისი 2024.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II