შინაარსზე გადასვლა

ეპიფანე კვიპრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეპიფანე კვიპრელი
დაიბადა 315[1] [2]
ელევთეროპოლისი
გარდაიცვალა მაისი, 403
ხმელთაშუა ზღვა
ხსენების დღე 12 მაისი
მოღვაწეობა მღვდელმსახური და მწერალი
ენა ებრაული ენა, კოინე, კოპტური ენა, ლათინური ენა, სირიული ენა და ძველი ბერძნული ენა[3]
ცნობილი ნაშრომები პანარიონი და Chronicle

ეპიფანე კვიპრელი ან კვიპროსელი (ბერძ. Ἐπιφάνιος; დ. 315, პალესტინა — გ. 403) — სასულიერო პირი, კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსი. წმინდანად არის შერაცხილი რომის კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ცნობილია მისი ვრცელი თხზულება „პანარიონი“, რომელშიც აღწერილი აქვს ყველა ერესი — დასაბამიდან ქრისტიანულ ელინისტურ პერიოდამდე.

დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, პალესტინაში, ელევთეროპოლისის მახლობლად[4]. ადრეულ ასაკში პალესტინიდან ეგვიპტეში გადადის სასულიერო ცოდნის მისაღებად. აქვე ეცნობა ასკეტური ცხოვრების პრინციპებს. 333[5] ან 335 წელს ბრუნდება პალესტინაში, ბერად აღიკვეცება და აარსებს მონასტერს, რომელსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა. აქვე შეისწავლა რამდენიმე ენა: ებრაული, სირიული, ეგვიპტური (კოპტური), ბერძნული და ლათინური.

367 წელს კვიპროსის ეპისკოპოსებმა თავიანთ მიტროპოლიტად აირჩიეს ეპიფანე. 370 წლამდე იმდენად ავტორიტეტულ პერსონას წარმოადგენდა, რომ იმპერატორმა ვალენტიმ ვერანაირად ვერ მოახერხა მის პირად საქმეებში ჩარევა.

IV საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიურ მოღვაწეობას იწყებს ორიგენიზმის წინააღმდეგ. ამ მიზეზით ჩადის იერუსალიმში და ეპისკოპოს იოანეს წინააღმდეგ იწყებს მოძრაობას. ეპისკოპოსთა დაპირისპირებამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია. ეპიფანეს მომხრეთა რიგებში იყო იერონიმე, ხოლო იოანე იერუსალიმელს გვერდში ედგა რუფინუსი.

402 წელს ეპიფანემ კვიპროსში მოიწვია საეკლესიო კრება, რომლითაც შეაჩვენეს ორიგენე და ორიგენეს ტექსტები. ამ პერიოდშივე დაუპირისპირდა იოანე ოქროპირს, რამდენადაც ორიგენიზმში ამხელდა მას თეოფილე ალექსანდრიელი. ამის მიუხედავად, აღარ დაუცდია მუხის საეკლესიო კრებისთვის, რომელსაც ეპისკოპოსობიდან უნდა გადაეყენებინა. სალამონისკენ საზღვაო ხომალდში მყოფი ეპიფანე გზაში გარდაიცვალა.

ეპიფანე კვიპრელის ცხოვრება აღწერა მისმა ორმა მოწაფემ: იოანე ხუცესმა და პოლიბიოს ეპისკოპოსმა.

ეპიფანეს თხზულებებიდან ყველაზე მეტად გამორჩეულია „პანარიონი“ (ბერძნ. Πανάριον, ლათpanarium), რაც ქართულად „კიდობანს“ (წამლების ყუთი) ნიშნავს. მისი ძველი ქართული თარგმანის სახელწოდებაა „ოთხმეოცთა წვალებათათჳს“. თხზულება შედგება სამი წიგნისაგან, რომელიც დაყოფილია შვიდ ტომად. პირველი წიგნი მოიცავს სამ ტომს, ხოლო მეორე და მესამე წიგნი — ორ-ორ ტომს. როგორც მიიჩნევენ, ეპიფანეს წყაროები „პანარიონზე“ მუშაობისას უნდა ყოფილიყო „ფილოსოფუმენა“ და ირინეოს ლიონელის „წვალებათა წინააღმდეგ“ (Adversus Haereses).

ეპიფანე მწვალებლობის ისტორიას იწყებს ბიბლიური ადამიდან და ოთხ ძირითად ერესად წარმოგვიდგენს „ბარბაროსობას“, „სკვითობას“, „ელინიზმსა“ და „იუდაიზმს“.

არსებობს ეპიფანეს 10 თხზულების ძველქართული თარგმანი. „პანარიონში“ ქართველური ტომები: ლაზები, ტიბარენები, ხალიბები, მოსინიკები, კოლხები მოხსენიებული არიან ნოეს შვილების შთამომავალთა შორის. იქვე დაცულია ცნობა ლაზებსა და იბერებში მწვალებლობის არსებობის შესახებ.

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.
  • ეპიფანე კვიპრელი, „ოთხმეოცთა წვალებათათვის“, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო სოსო მახარაშვილმა, რედაქტორი: მაია რაფავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, მერიდიანი, 2012.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118682229 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. CONOR.SI
  4. The Panarion of Epiphanius of Salamis: Book I (Sects 1–46), By Epiphanius, Epiphanius of Salamis, Translated by Frank Williams, 1987 ISBN 90-04-07926-2 p. XI
  5. ეპიფანე კვიპრელი, „ოთხმეოცთა წვალებათათვის“, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო სოსო მახარაშვილმა, რედაქტორი: მაია რაფავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, მერიდიანი, 2012