შინაარსზე გადასვლა

დინ აჩესონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინ აჩესონი

დინ გუდერჰემ აჩესონი (ინგლ. Dean Gooderham Acheson; დ. 11 აპრილი, 1893, მიდლტაუნი, კონექტიკუტი, აშშ, — გ. 12 ოქტომბერი, 1971, სენდი-სპრინგი, მერილენდი, აშშ) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და იურისტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (1949-1953).

დაამთავრა იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტები. ადვოკატად მუშაობდა ვაშინგტონში. 1941 წლიდან იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, 1945-1947 წლებში — სახელმწიფო მდივნის მოადგილე. 1947 წელს აქტიურად მონაწილეობდა ტრუმენის დოქტრინისა და მარშალის გეგმის შემუშავებაში. ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციაში ეჭირა სახელმწიფო მდივნის პოსტი (1949-1953). ხელი შეუწყო ნატოს შექმნას, იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ცივი ომის პირველ წლებში. კონგრესში სენატორ ჯოზეფ მაკკარტის მიერ მოწყობილი მოსმენების დროს აჩესონმა უარი განაცხადა დაეთხოვა სახელმწიფო დეპარტამენტის საბოტაჟში ეჭვმიტანილი თანამშრომლები (მ.შ. ცნობილი ელჯერ ჰისი). 1950 წელს აჩესონმა დაარწმუნა ტრუმენი ჩაბმულიყო კორეის ომში, შემდეგ დაამკვიდრა კომუნისტური ჩინეთის არაღიარების, ტაივანში ჩან კაიშის მთავრობისა და ინდოჩინეთში საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის მხარდაჭერის პოლიტიკა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა ამერიკის შემდგომი პრეზიდენტების მრჩევლად. დაწერილი აქვს მემუარული ხასიათის „ვესწრებოდი დაბადებას“ (Present at the Creation), რომელმაც 1970 წელს პულიცერის პრემია მიიღო.