გეტინგენის უნივერსიტეტი
გეტინგენის გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტი | |
---|---|
Georg-August-Universität Göttingen | |
დევიზი | In publica commoda |
დაფუძნდა | 1737 |
ატარებს სახელს | ჯორჯ II |
დამფუძნებელი (-ები) | ჯორჯ II |
ტიპი | campus university, Stiftungshochschule[1] , საჯარო უნივერსიტეტი, comprehensive university და არაკომერციული ორგანიზაცია |
თავმჯდომარე | Metin Tolan |
სტუდენტი | 31 619[2] |
ქალაქი | გეტინგენი |
პროვინცია | ქვემო საქსონია |
ქვეყანა | გერმანია |
ფერები | dark blue[3] |
კავშირები | Coimbra Group, ORCID[4] [5] , German Rectors' Conference[6] , German University Sports Federation[7] , Confederation of Open Access Repositories[8] [9] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[10] , Informationsdienst Wissenschaft[11] , German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[12] , Guild of European Research-Intensive Universities[13] და European Open Science Cloud Association[14] |
აფილაცია | German Universities Excellence Initiative |
https://www.uni-goettingen.de/en/1.html |
გეტინგენის გეორგ-ავგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტი (გერ. Georg-August-Universität) — დაარსდა 1732/1734 წლებში გეორგ II მიერ, გერლახ ადოლფ ფონ მიუნხჰაუზენის ხელმძღვანელობით. გაიხსნა 1737 წელს. უნივერსიტეტი სწრაფად ვითარდებოდა და თავისი 1000 სტუდენტით იმდროინდელი ევროპის უდიდეს სასწავლო დაწესებულებად ითვლებოდა. იგი უძველესია ქვემო საქსონიის დღემდე არსებულ უნივერსიტეტებს შორის და 30.600 სტუდენტით (2015/16 ზამთრის სემესტრის მონაცემებით) აგრეთვე უდიდესიც. XX საუკუნის დასაწყისიდან გეტინგენის სტუდენტების სიმბოლოა „ბატების მწყემსი ლიზა გეტინგენიდან“ (გერ.Göttinger Gänseliesel). 2003 წლის 1 იანვრიდან უნივერსიტეტს - როგორც ერთ-ერთი პირველს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სპონსორობს საზოგადოებრივი ფონდი; ამ დროიდან მოყოლებული იგი საფონდო უნივერსიტეტია. 2011 წლიდან უნივევერსიტეტის პრეზიდენტი ბიოქიმიკოსი ულრიკე ბაიზიგელია. გეტინგენის ქვემო საქსონიის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დაახლოებით 4,5 მილიონ ტომს, მრავალრიცხოვან სპეციალურ კოლექციას შეიცავს და გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა; იგი გერმანული წიგნის კრებულში (SDD) XVIII საუკუნეს ფარავს. ამ ნაკრებით გეტინგენი ინტეგრირებულია გერმანიის „დანაწილებულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში“.
სამართლებრივი სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის 1 იანვრიდან გეტინგენის უნივერსიტეტს საზოგადოებრივი ფონდი სპონსორობს. ფონდის სპონსორი აღინიშნება როგორც გეტინგენის გეორგ-ავგუსტუსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ფონდი. თვით უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმა ამით არ შეცვლილა: მან გადაინაცვლა ქვემო საქსონიის ბიუჯეტის სპონსორობიდან ფონდის გამგეობის სპონსორობაში. უნივერსიტეტის თავისებურებას წარმოადგენს გეორგ-ავგუსტუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი. უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეგიდის ქვეშ ფუნქციონირებენ სამედიცინო ფაკულტეტი - როგორც უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი - საუნივერსიტეტო კლინიკა - საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციები; ეს ფუნქციები ინტეგრირებულია გეტინგენის სამედიცინო ცენტრის საბჭოს ერთობლივ ხელმძღვანელობაში. უნივერსიტეტის პრეზიდიუმის ნაცვლად ცენტრის საქმიანობას საბჭო არეგულირებს.
შეთავაზებული საგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეტინგენის უნივერსიტეტი კლასიკური სრული უნივერსიტეტის (ლათ.universitas litterarum) ნიმუშია. აქ შესაძლებელია ფილოსოფიის, მედიცინის, იურისპრუდენციის, ეკონომიკის, პროტესტანტული ღვთისმეტყველების, მათემატიკის, აგრეთვე ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლა. უნივერსიტეტის რეპუტაცია (სახელი) ეფუძნება პირველ რიგში იურიდიულ ფაკულტეტს, ფილოსოფიური ფაკულტეტის დისციპლინებს, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს. ფართოდ არიან წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც ფილოსოფიის ფაკულტეტზე შეისწავლებიან. მნიშვნელოვანია აგრეთვე აგრარული მეცნიერებისა და სატყეო მეცნიერების სასწავლო კურსები. ყველა სპეციალობის სტუდენტს შეუძლია UNIსერტ-ის მიღებით შეისწავლოს მრავალი უცხო ენა ენებისა და საკვანძო კვალიფიკაციების ცენტრალურ ინსტიტუტში (ადრინდელი „ენების შესწავლის ცენტრი“). დღეისათვის უნივერსიტეტი წარმოდგენილია შემდეგი ფაკულტეტებით:
- აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტი
- ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
- ქიმიის ფაკულტეტი
- წიწვნარი ტყეების მეურნეობისა და ტყის ეკოლოგიის ფაკულტეტი
- დედამიწის მეცნიერებებისა და გეოგრაფიის ფაკულტეტი
- მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი
- ფიზიკის ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
- ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
- ფილოსოფიური ფაკულტეტი
- თეოლოგიური ფაკულტეტი (პროტესტანტული)
ბოლონიის პროცესის ჩარჩოებში რეფორმირებულია სასწავლო პროგრამები და ხარისხების მინიჭების სისტემა. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შემოღებით გეტინგენის კურსდამთავრებულთათვის გლობალიზირებულ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა იქნას მიღწეული.
სწავლების საფასური და სასემესტრო ბილეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის 9 დეკემბერს ქვემო საქსონიის პარლამენტმა დაამტკიცა სწავლების საფასურის შემოტანა პირველი სემესტრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერის კანონში. იგი სავალდებულო გახდა პირველკურსელებისათვის 2006/07 ზამთრის სემესტრიდან და ყველა სტუდენტისათვის დაწყებული 2007 წლის საზაფხულო სემესტრიდან. სწავლების საფასური შეადგენს 500 ევროს. ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულის სემესტრისათვის შემოღებული იქნა სწავლების საფასური იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც სწავლების სტანდარტულ დროს ოთხ სემესტრზე მეტით გადააჭარბეს. სტუდენტები, რომელთაც 60 წელს მიაღწიეს, გადაიხდიან 800 ევროს. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის „ადმინისტრაციული საფასური“ 75 ევროს ოდენობით, აგრეთვე 62 ევრო - სტუდენტთა კავშირის საწევრო. მთლიანობაში 2012/13 წლის ზამთრის სემესტრში გადასახადი ერთ სტუდენტზე, რომელსაც არ გადაუჭარბებია სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობისათვის, შეადგენს 735.22 ევროს, ხოლო ზაფხულის სემესტრისათვის 741,46 ევროს. 2014/15 ზამთრის სემესტრიდან ამ თანხას აკლდება ქვემო საქსონიაში სწავლის საფასური და ჯამში შეადგენს (დროის მიმდინარე პერიოდში) სულ 289,94 ევროს. ყველა მოსწავლისათვის სავალდებულოა სასემესტრო ბილეთი. 2014/15 წლის ზამთრის სემესტრისათვის ამ ბილეთის ღირებულება შეადგენდა 107,24 ევროს. ის გერმანიის სარკინიგზო გზების ადგილობრივი მატარებლებით უფასო სარგებლობის საშუალებას იძლევა. აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთის რკინიგზის ინდივიდუალური მარშრუტებით. ამავდროულად ბილეთში შედის გეტინგენის ზოგიერთი კულტურული დაწესებულების მომსახურებით უფასო სარგებლობა, აგრეთვე შიდასაქალაქო ტრანსპორტით უფასო სარგებლობა სემესტრის განმავლობაში. სტუდენტთა რაოდენობის ზრდა
სტუდენტთა რაოდენობის ზრდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეტინგენის სტუდენტური ტრადიციებიდან შემორჩენილი მცირერიცხოვანი რელიქტებიდან ერთ-ერთი ბატების მწყემსი გოგონა ლიზას კოცნაა. ამ ტრადიციით ახლადტიტულირებული დოქტორი კოცნის ქალაქის სიმბოლოს, საკუთრივ რატუშის (მერიის) მოედანზე მდგარ ბრინჯაოს ფიგურას მას შემდეგ, როდესაც მეგობრები და ნაცნობები მასთან ურიკით მიაგორებენ.
მუზეუმების, კოლექციების და პარკების მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გეტინგენი ცნობილი იყო თავისი კოლექციებითა და პარკებით, რომლებიც წიგნებიდან მიღებულ ცოდნას თვალსაჩინოებას საგრძნობლად მატებდნენ. გეტინგენს დღესაც შეუძლია იამაყოს ამ სფეროებში მსოფლიო მასშტაბის უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძველი ბოტანიკური ბაღი
- წიწვნარების ბაღი და არბორეტუმი
- გეტინგენის ქიმიის მუზეუმი
- გეომეცნიერებათა ცენტრის მუზეუმი, კოლექციები და გეოპარკი
- ახალი ბოტანიკური ბაღი
- ფარმაკოგნოსტიკური საცნობარო კოლექცია
- წიწვნარი ტყეებისა და ტყის ეკოლოგიის ფაკულტეტის მონადირეობათმცოდნეობითი კოლექცია (არასაჯარო)
- ისტორიული ობიექტების კოლექცია გეოფიზიკის ინსტიტუტში
- ისტორიული ფიზიკური ხელსაწყოების კოლექცია I ფიზიკურ ინსტიტუტში
- მათემატიკური მოდელებისა და ინსტრუმენტების კოლექცია
- წყლის მცენარეული კულტურების კოლექცია (SAG)
- საუნივერსიტეტო ობსერვატორია
- საუნივერსიტეტო ჰერბარიუმი
- ზოოლოგიური მუზეუმი
ჰუმანიტარული მეცნიერებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველყოფილი და ადრეული ისტორიის სემინარის კოლექცია
- არქეოლოგიური ინსტიტუტის ორიგინალური კოლექცია
- თაბაშირში ჩამოსხმული ანტიკური ქანდაკებების კოლექცია
- მონეტების კოლექცია
ადამიანის მედიცინა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰაინც კირხჰოფის კოლექცია: ქალურობის სიმბოლოები
- თავის ქალების ბლუმენბახის კოლექცია
- ბლეხშმიდტის კოლექცია: ემბრიონის განვითარების მოდელები.
სხვადასხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიული კარცერი ვილჰელმპლაცზე
- გერმანული წიგნის კრებული
უნივერსიტეტის, ისევე როგორც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცალკეული კოლექციების და ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების შესაბამისი ობიექტების გარდა გეტინგენის საქალაქო მუზეუმსაც აქვს უნივერსიტეტთან დაკავშირებული კოლექციები.
დაფინანსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის დანახარჯებმა 2005 წელს 813 მილიონ ევროს გადააჭარბეს. აქედან ლომის წილი (დაახლოებით 479 ევრო) მოდიოდა სამედიცინო ფაკულტეტზე კომპლექსში საუნივერსიტეტო კლინიკასთან, რომლის დაფინანსებაც, თავის მხრივ, მისი სამედიკამენტო შეღავათებით ხდება. გადახდებისას საუბარია ეგრეთ წოდებულ კალკულატორულ დანახარჯებზე, რომლებიც შეუდარებელია სხვა უნივერსიტეტების გეგმიურ დანახარჯებთან. უნივერსიტეტის, როგორც საზოგადოებრივი ფონდის, მხარდაჭერა კვლავინდებურად ხორციელდება ქვემო საქსონიის სამთავრობო ბიუჯეტიდან. იგი, სხვა უნივერსიტეტების მსგავსად, სულ უფრო დამოკიდებული ხდება დამატებითი გარე დაფინანსების მოპოვებისგან. მიუხედავად ამისა გეტინგენის უნივერსიტეტს ის ზოგადი უპირატესობა აქვს, რომ ფოლკსვაგენის ფონდთან - ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის უდიდეს გერმანულ ფონდთან - ერთ პროვინციაში მდებარეობს.
გამოჩენილი პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის ბოლოსათვის გეტინგენის უნივერსიტეტის ცხოვრებაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, განსაკუთრებით კი მათამატიკა. გეტინგენის უნივერსიტეტთან იყვნენ დაკავშირებული ისეთი გამოჩენილი მათემატიკოსები, როგორც კარლ ფრიდრიხ გაუსი, ბერნჰარდ რიმანი, პეტერ გუსტავ ლეჟენ-დირიხლე, ფელიქს კლაინი, დავიდ ჰილბერტი. დავიდ ჰილბერტის მოღვაწეობამ გეტინგენი XX საუკუნის დასაწყისში მათემატიკურ მექად გადააქცია. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში უნივერსიტეტი თანამედროვე ფიზიკის მრავალი მიმართულების ცენტრი გახდა, სანამ 1930-იან წლებში არ დაიწყო ებრაული წარმოშობის პროფესორთა დევნა, რამაც აიძულა ისინი დაეტოვებინათ უნივერსიტეტი. გეტინგენის უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული 45 ნობელის პრემიის ლაურეატის მოღვაწეობა.
გეტინგენის უნივერსიტეტის სახელგანთქმული კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება](არასრული სია)
- ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ამონი (1799-1861) — გერმანელი ექიმი-ოფტალმოლოგი;
- რიხარდ დედეკინდი — გერმანელი მათემატიკოსი;
- დიტერ ბოლენი — გერმანელი მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი;
- კარლ ვიტე — ყველაზე ნორჩი დოქტორი ისტორიაში
- ჰარი ბრესლაუ (1848-1926) — გერმანელი ისტორიკოსი;
- ჰაინრიხ ჰაინე — გერმანელი პოეტი, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე;
- ჰერმან გროტე (1802-1895) — გერმანელი ნუმიზმატი, ჰერალდისტი, ლიტერატორი,გამომცემელი.
- კარლ ლუდვიგ გროტეფანდი (1807-1874) — გერმანელი არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ნუმიზმატი, არქივარიუსი და ისტორიკოსი;
- ოსკარ დრუდე — გერმანელი ბოტანიკოსი, ეკოლოგი და გეობოტანიკოსი;
- იოან იაკობ დუში (1725-1785) — გერმანელი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი;
- ემილ ზელენკა — გერმანელი ზოოლოგი;
- ლუდვიგ კლაიზენი — გერმანელი ქიმიკოსი-ორგანისტი
- რობერტ კოხი — გერმანელი მიკრობიოლოგი
- ჯონ პირპონტ მორგანი — ამერიკელი მეწარმე, ბანკირი და ფინანსისტი;
- ალბრეხტ ტეერი — გერმანელი აგრარული მეცნიერი, ნიადაგთმცოდნე;
- იურგენ ჰაბერმასი — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი;
- ერნსტ შეფერი — გერმანელი ზოოლოგი, ორნიტოლოგი, ტიბეტოლოგი, SS-ის შტურმბანფიურერი, ანენერბეს („წინაპართა მემკვიდრეობა“) ხელმძღვანელი მუშაკი;
- გერჰარდ შრედერი — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი 1998 წლის 27 ოქტომბრიდან 2005 წლის ნოემბრამდე;
- ადოლფ ფრანკი (1834-1916) — გერმანელი ქიმიკოსი, გერმანიის კალიუმის მრეწველობის შემქმნელი;
- ვალტერ ფრიკე — გერმანელი ასტრონომი;
- რობერტ ოპენჰაიმერი — ამერიკელი ფიზიკოსი, ბირთვული იარაღის შექმნის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეტინგენის უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი
გეტინგენის უნივერსიტეტთან დაკავშირებული 44 ლაურეატი
- ↑ https://www.mwk.niedersachsen.de/startseite/hochschulen/hochschullandschaft/hochschulen_und_berufsakademien/stiftungshochschulen/stiftungshochschule-18343.html
- ↑ https://www.uni-goettingen.de/de/24653.html
- ↑ https://www.uni-goettingen.de/de/589412.html
- ↑ https://orcid.org/members/001G000001pw5NfIAI-georg-august-universitaet-goettingen
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/universitaeten-technische-hochschulen/
- ↑ https://www.adh.de/ueber-uns/mitgliedshochschulen.html
- ↑ https://web.archive.org/web/20190714135243/https://www.coar-repositories.org/community/members-and-partners-by-country/
- ↑ https://web.archive.org/web/20240131234035/https://www.coar-repositories.org/members/
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://idw-online.de/de/institution77
- ↑ https://www.nfdi.de/verein/#mitglieder
- ↑ https://www.the-guild.eu/members/
- ↑ https://eosc.eu/members/