გეოპოლიტიკა
გეოპოლიტიკა (გეოგრაფიული პოლიტიკა; ბერძ. γη — მიწა + πολιτική — სახელმწიფო ან საზოგადო საქმე (წარმ. πολις — ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოთა ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ ტერიტორიების გაყოფისა და გავლენის სფეროებად გადანაწილების კანონზომიერებებს.
გეოპოლიტიკა მიეკუთვნება საზოგადოებრივ–გეოგრაფიულ მეცნიერებათა ჯგუფს და წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფიის ნაწილს. განასხვავებენ — ტრადიციულ, ახალ (გეოეკონომიკა) და უახლეს (გეოფილოსოფია) გეოპოლიტიკას. ტრადიციული გეოპოლიტიკა აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს სამხედრო–პოლიტიკურ სიმძლავრეზე და უცხო ტერიტორიების დაპყრობისას გეოგრაფიული ფაქტორების დომინანტურ როლზე. ახალი (გეოეკონომიკა) ტრადიციულისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს სახელმწიფოთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე. უახლესი გეოპოლიტიკა, რომელშიც სამხედრო და ეკონომიკურ სიმძლავრეზე დომინირებს სულიერი ძალა, ეხმარება სახელმწიფოებს ტრადიციული და ეკონომიკური დეტერმინიზმის დაძლევაში საბაზისო ფაქტორების გაფართოების ხარჯზე საერთაშორისო ურთიერთობებში ქცევის განსაზღვრაში.
გეოპოლიტიკის, როგორც საგარეო პოლიტიკური პრაქტიკის, მთავარი მიზანია სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ე.ი. გეოპოლიტიკის მთავარი მიზანი - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გეოსტრატეგიის შემუშავება. გეოპოლოტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალ-პოლიტიკურ, სამხედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის სხვა სიძლიერის განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლას და შეფასებას.
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ქვეყნის წარსულს, მის მეზობელთან ამ ქვეყნის ნებისმიერ ურთიერთობას, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას.
XX საუკუნის ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია არაერთი დიდი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის განვითარების თავისებურებაზე. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც რუსეთის სახელმწიფო გეოპოლიტიკური „რეგალიების“ ცვლა საუკუნის მანძილზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ასევე დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ფაქტორების განვითარების თავისებურებებში. ამ მხრის საინტერესოა საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობა. ბოლო ასწლედმა ნათლად ასახა ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკაში და რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის თანამედროვე პოზიციების ჩამოყალიბებაში.
ნებისმიერი ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებია:
- ტერიტორიის ზედაპირი
- საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი
- მოსახლეობის რაოდენობა
- ბუნებრივი რესურსები
- ფინანსური სიძლიერე
- ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე
- ეთნიკური ერთგვაროვნება
- სოციალური ინტეგრაციის დონე
- პოლიტიკური სტაბილურობა
- ეროვნული სული
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოპოლიტიკური კონცეფცია ჩამოყალიბდა XIX/XX საუკუნეთა მიჯნაზე. ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა 1899 წელს შვედმა პოლიტოლოგმა და სახელმწიფოთმცოდნემ რუდოლფ ჩელენმა, თუმცა მან ფართო გამოყენება ჰპოვა 1916 წელს გამოსული წიგნის „სახელმწიფო, როგორც ორგანიზმი“ შემდეგ. ჩელენთან ერთად გეოპოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსებად ითვლებიან ბრიტანელი გეოგრაფი და პოლიტიკოსი ჰელფორდ ჯონ მაკინდერი, საზღვაო სტრატეგიების ამერიკელი ისტორიკოსი ალფრედ მეჰენი, გერმანელი გეოგრაფი, პოლიტიკური გეოგრაფიის ფუძემდებელი ფრიდრიჰ რატცელი, გერმანელი მკვლევარი კარლ ჰაუსჰოფერი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი მკვლევარი ნიკოლას სპიკმენი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოპოლიტიკის განხილვის საგნად იქცა ისეთი ცნენები და მოვლენები, როგორიცააː „ცივი ომი“, „სამხედრო–სტრატეგიული პარიტეტი“, აგრეთვე, ფართოდ შემოვიდა სახელმწიფოებთან მიმართებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა „ზესახელმწიფო“, „დიდი“, „რეგიონალური“, „ბირთვული“, „კოსმოსური“, „ეკონომიკური“ და სხვა კომპლექსური ან ცალკეული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე.
შესწავლის ობიექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოპოლიტიკა ეყრდნობა გეოგრაფიას. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტია მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც მრავალი ტერიტორიული მოდელით არის წარმოდგენილი. მოდელირება ხდება საერთოპლანეტარულ დონეზე. გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ტერიტორიებზე კონტროლის ფორმების და მექანიზმების კვლევა. ასევე, რეგიონული და ლოკალური ზონები. მაგ: საზღვრების კვლევა, სადავო ტერიტორიების პრობლემა, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და ა.შ. რეგიონალური და ლოკალური პრობლემების კვლევა ხდება, როგორც საერთო მთლიანიდან ნაწილის გამოყოფა.
გეოპოლიტიკის სამეცნიერო წრეები გვთავაზობენ კითხვათა გეოგრაფიულ, ისტორიულ, სოციოლოგიურ ანალიზს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასა და ტერიტორიულ სტრუქტურებთან სხვადასხვა დონეზე (სახელმწიფოებრივიდან საერთაშორისომდე). ამასთან, განიხილება გეოგრაფიის პოლიტიკური, ეკონომიკური (გეოეკონომიკა) და სტრატეგიული (სტრატეგიული გეოგრაფია) მნიშვნელობა ადგილმდებარეობის, ფართობის, ფუქციების, რესურსებისა და ადგილობრივი ურთიერთობების გათვალისწინებით.
ერთ–ერთი წამყვანი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, აცხადებს, რომ გეოპოლიტიკა არის „მსოფლიო ჭადრაკის დაფა“ პოზიტიური თამაშის თეორია.
ძირითადი გეოპოლიტიკური სკოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი გეოპოლიტიკური სკოლები მსოფლიოში არის
- გერმანული
- იაპონური
- ინგლისური
- ამერიკული
- რუსული
გერმანული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოპოლიტიკის გერმანულმა სკოლამ პოლიტიკურ განვითარებაში ხაზი გაუსვა გეოგრაფიული ფაქტორების როლს. გერმანელმა გეოპოლიტიკოსებმა ჩამოაყალინეს სამი მნიშვნელოვანი კონცეფცია.
- სახელმწიფოს, როგორც ორგანიზმის იდეა, შემოგვთავაზა ფ. რატცელმაː სახელმწიფოები იბადებიან, ვითარდებიან
ორგანიზმის მსგავსად, ბუნებრივი სახით მიიწევენ ტერიტორიული გაფართოებისკენ.
- სახელმწიფო თვითმმართველობის იდეა, ჩელენის (გერმანული ზესახელმწიფოს შექმნის ერთ–ერთი პირველი იდეოლოგი) მიერ ფორმულირებული, როგორც სახელმწიფო ორგანიზმის წარმატებული ფუნქციონირების შეუცვლელი კანონი.
- ზერეგიონების იდეა, რომელიც წამოაყენა კარლ ჰაუსჰოფერმა.
ყველა გერმანელი გეოპოლიტიკოსი მიისწრაფოდა დაესაბუთებინა ბრიტანეთის ჩასანაცვლებლად გერმანიის პრეტენზიები „კონტინენტური ძალების“ სტატუსზე. ამ სახით, გერმანული სკოლის საბოლოო მიზანი, ისევე როგორც ამერიკა–ევროპის, წარმოადგენდა განსაზღვრულ პირობებს, რომლის დროსაც გერმანია შეძლებდა ჯერ ევროპაზე ბატონობის დამყარებას, ხოლო შემდეგ მსოფლიოზე. ამ სკოლის მთავარი წარმომადგენელი იყო კარლ ჰაუსჰოფერი — ჟურნალ „Zeitschrift fur Geopolitik–ის“ გამომცემელი, მრავალრიცხოვანი მონოგრაფიებისა და სტატიების ავტორი. ის ავითარებდა რატცელის მიერ შემოთავაზებულ „სასიცოცხლო სივრცის“ კონცეფციას გერმანიის ორ მსოფლიო ომთან მიმართებაში. დაგენილი საზღვრები მას წარმოედგინა არაბუნებრივად და გერმანელთა ეროვნული ცხოვრებისათვის საზიანოდ. რატცელის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის თანახმად, გერმანიისათვის საკმარისი სივრცე შესაძლოა გამხდარიყო შუა ევროპა. ჰაუზჰოფერმა გააფართოვა რა გერმანიის გეოპოლიტიკური პრეტენზიის ზონები, წამოაყენა „ზერეგიონების“ იდეა, რომლის თანახმად, მსოფლიო დაყოფილია მერიდიონალური პრინციპით, თითოეული რეგიონის ცენტრით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და პერიფერიით სამხრეთში. თავდაპირველად, მან გამოჰყო სამი ზერეგიონი — ამერიკა ცენტრით აშშ–ში, ევროპა–ახლო აღმოსავლეთი–აფრიკა ცენტრით გერმანიაში, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი ცენტრით იაპონიაში. მოგვიანებით ჰაუზჰოფერმა გამოჰყო ზონა რუსეთისთვისაც — რუსეთის ვაკე და ციმბირი, სპარსეთი და ინდოეთი. ნაცისტების საგარეო პოლიტიკის შესაბამისად კარლ ჰაუსჰოფერი გადავიდა გერმანიას, საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის „კონტინენტური ბლოკის“ კონცეფციაზე საზღვაო სახელმწიფოთა წინააღმდეგ. ამ ბლოკს უნდა გაეძლიერებინა გერმანია ინგლისთან, როგორც მთავარ მტერთან დაპირისპირებისას.
თუმცა მზადებისას და მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში მესამე რაიხი ამ თეორიას ბოლომდე არ ეთანხმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირს თავიდან შესთავაზეს შესვლა „სამთა პაქტში“, სასიცოცხლო სივრცისა და გერმანიის ექსპანსიის მთავარი ობიექტი ევროპისა და აფრიკის სიახლოვეს, მაინც გახდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიები ურალამდე (ისევე, როგორც ციმბირი მიჩნეოდა შორეულაღმოსავლეთის მოკავშირე — იაპონიის ტერიტორიად). ომის მსვლელობაში გერმანიამ თითქმის დაამყარა სრული კონტროლი მთელ ევროპაზე, მაგრამ მისი გეოპოლიტიკა, რომელიც ამართლებდა ნაცისტურ სამხედრო ექსპანსიას, ომის შემდგომ „დენაციფიკაციის“ ლოზუნგით, პრაქტიკულად განადგურდა. კარლ ჰაუსჰოფერი აღმოჩნდა ციხეში, სადაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
გერმანული გეოპოლიტიკური სკოლა, უკვე არამილიტარიზებული ფორმით, ომისშემდგომ პერიოდში გამოვიდა ინტელექტუალური მოძრაობა ევროპელი „ახალი მემარჯვენეების“ სახით. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფოსმა და სამართალმცოდნე კარლ შმიტმა, რომელმაც დაწერა მთელი რიგი სტატიები. სტატები მან მიუძღვნა ინტეგრირებული ტერიტორიული გეოპოლიტიკური მოწყობის საკითხებს, სახელმწიფოებრივ მოწყობას, სამართლებრივ სისტემას, სოციალურ და სულიერ საკითხებს. შმიდტი ერთმანეთს უპირისპირებს სახელმწიფოს „ტრადიციულ“ — სამხედრო, იმპერიულ, ეთიკურ აგებულებას, რომლის სიმბოლოდ მას ესახება სახლი, და „მოდერნისტულ“ — სავაჭრო, დემოკრატიულ, უტილიტარულ აგებულებას, რომლის სიმბოლოდ მას ესახება გემი. ამ სახით, ზღვისა და მიწის გეოპოლიტიკური ოპოზიცია განზოგადებულია ისტორიოფილოსოფიური კუთხით. თანამედროვე ანტიამერიკული განწყობის „ახალი მემარჯვენეები“ — ჟან ტიპიარი, ალენ ბენუა, რობერტ სტეკერსი და სხვები — ავითარებენ შმიდტის იდეას და გლობალური ამერიკული „საზღვაო წესრიგის“ იდეას უპირისპირებენ რუსეთისა და ევროკავშირის საფუძველზე შექმნილ „ევრაზიული კონტინენტური წესრიგის“ იდეას, რომელშიც ძირითად ძალად მოიაზრება გერმანია.
იაპონური სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონია ასწლეულების მანძილზე რჩებოდა, როგორც სუსტი სახელმწიფოებრიობის მქონე ერთეული. მის გეოპოლიტიკას ჰქონდა მკვეთრი განვითარების და პრაქტიკული გამოვლინების მოკლევადიანი პერიოდი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მსგავსად, იაპონიამაც სცადა გამხდარიყო ახალი ზესახელმწიფო. მან შეიძინა იმ დროისათვის ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტის შესაბამისი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, ჰქონდა მრავალრიცხოვანი კოლონიები აზიაში (მათ შორის უდიდეს ქვეყანა ჩინეთში), აგრეთვე, თავის ევროპელ მოკავშირე გერმანიასთან ერთად ჰქონდა შეთანხმებული ექსპანსიის გეგმა საბჭოთა კავშირში ურალამდე, ავსტრალიაში და საუკეთესო შემთხვევაში – ინდოეთში. იაპონიის ტერიტორიული და ფორმალური პრეტენზიები გაფორმდა „დიდი აზიური აყვავების“ სახელით, რომელშიც შევიდნენ იაპონიის ყველა კოლონია და მარიონეტული სატელიტი–სახელმწიფოები. ომის მსვლელობაში იმპერია განადგურებულ იქნა. ომის შემდგომ იაპონიამ ორიენტაცია აიღო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ და სამეცნიერო–ტექნოლოგიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, რაც წარმატებით იქნა დაძლეული.
ინგლისური სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტანულმა გეოპოლიტიკურმა სკოლამ, ბრიტანეთის იმპერიის სტატუსის დაკარგვის შემდეგ მის მარგინალიზაციამდე, შემოგვთავაზა გლობალური გეოპოლიტიკური კონცეფცია. ის ჩამოაყალიბა ინგლისელმა გეოგრაფმა და გეოპოლიტიკოსმა ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა 1904 წელს თავის ნაშრომში „ისტორიის გეოგრაფიული მდებარეობა“. მოგვიანებით, მისი კონცეფცია იცვლებოდა მსოფლიო ომების ზეგავლენით ნაშრომებში „დემოკრატიული იდეალები და სინამდვილე“ (1919) და „მსოფლიოს შეძენა და დედამიწის სრულყოფილება“ (1943). მაკინდერი ამოდიოდა მსოფლიოს შესახებ, როგორც ერთიან გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მთლიანობაზე წარმოდგენიდან, რომელშიც, განსაკუთრებით „კოლუმბის ერის“ შემდეგ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან და ევროპის გლობალური გაფართოებიდან უმთავრეს გასაღებს წარმოადგენდა სახმელეთო და საზღვაო სახელმწიფოების დაპირისპირება.
მაკინდერი გამოყოფს პლანეტის ორ მაკროგეოგრაფიულ ზონას — საოკეანო ნახევარსფეროს (დასავლეთ ნახევარსფერო და ბრიტანეთის კუნძულები) და კონტინენტურ ნახევარსფეროს ან მსოფლიო კუნძულს — ევრაზია და აფრიკა, რომელიც კაცობრიობის განსახლების ძირითად ზონას წარმოადგენს. მსოფლიო კუნძულის ცენტრალურ ზონას წარმოადგენს ჰართლანდი — ზონა, რომელიც, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ზღვით შესაღწევად (რუსეთის ვაკე, დასავლეთ ციმბირი და შუა აზია). ჰართლანდი წარმოადგენს კონტინენტური ძალების კონცენტრაციის წყაროს, რომელსაც შეუძლია მართოს მთელი მსოფლიო კუნძული, ართმევს რა კუნძულის რაიონებს საზღვაო შეჭრისათვის ხელსაყრელ შიდანახევარწრეზე კონტროლს, რომელიც ასევე, პარალელურად წარმოადგენს ჰართლანდის დამცავ ბუფერს და საზღვაო სახელმწიფოების ექსპანსიის ობიექტს.
თავად საზღვაო სახელმწიფოები ეფუძნებიან გარე ნახევარწრეს, მიაკუთვნებენ რა საკუთარ თავს ამ ნახევარწრეს ამერიკა, ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთი აფრიკა. ჰართლანდში განლაგებული შუა სახელმწიფოები წარმოადგენენ მჭიდრო, მაგრამ ნაკლებადმობილური სტრუქტურის მქონე სახელმწიფოებს, რომელთა გარშემო ხორციელდება უფრო გაცხოველებული პოლიტიკური, სპირალური ურთიერთობები. მაკინდერის თეორიის შემდგომ მოდიფიცირებისას შენარჩუნდა საზღვაო სახელმწიფოების მუქარის საფრთხის მოტივი, რომელსაც წარმოადგენს ჰართლანდის სახელმწიფო და ჩვეულებრივ, ეს სახელმწიფო ასოცირდება რუსეთთან. ამიტომ მაკინდერმა წამოაყენა გლობალური დომინირების კონცეფცია. დასავლეთის გეოპოლიტიკაში ჰართლანდიდან ექსპანსიის თემებს უზარმაზარი ადგილი უკავია უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ გეოპოლიტიკურ სკოლაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელმა გეოპოლიტიკოსებმა პირველებმა შემოიტანეს „ზესახელმწიფოს“ ცნება, თუმცა ბრიტანეთის იმპერიას, რომელმაც განიცადა ამ ომში ზარალი და დაკარგა კოლონიები ასეთ „ზესახელმწიფოდ“ გახდომა არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკ ნატოს აქტიური წევრია, მისი დამოკიდებულება გეოპოლიტიკურ კონცეფციასთან „ერთიანი ევროპა“ არის თავშეკავებული. ის შეუერთდა ევროკავშირს, მაგრამ შეუძლებლად ჩათვალა მიეღო მისი კონსტიტუცია და ერთიანი ვალუტა ევრო.
ამერიკული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკული გეოპოლიტიკური სკოლა ჩამოყალიბდა სამხედრო–საზღვაო ისტორიკოს ადმირალ ალფრედ მეჰენის გავლენით. შრომებში „საზღვაო ძალების გავლენა ისტორიაზე (1660—1783)“ და „ამერიკის ინტერესი საზღვაო ძალაში“ მეჰენმა წამოაყენა „საზღვაო ძალების“ კონცეფცია, რომელიც განაპირობებს აბსოლუტურ გეოპოლიტიკურ უპირატესობას. ქვეყნის უზრუნველყოფა სწორედ საზღვაო ბაზებით, ძლიერი სამხედრო და სავაჭრო ფლოტით აყალიბებს მას მსოფლიოს ბედის გადამწყვეტ დიდ სახელმწიფოდ. საზღვაო და სახმელეთო სახელმწიფოების ისტორიის შედარებითი ანალიზით, მეჰენმა შემოგვთავაზა გლობალური გეოპოლიტიკური სტრატეგია „ანაკონდას პრინციპი“ — მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების საზღვაო ბლოკადაში მოქცევით მოშთობა, გაგუდვა და განადგურება.
ნიკოლას სპიკმენის კონცეფციაში გაერთიანდა მეჰენისა და მაკინდერის იდეები. აშშ–ს სტრატეგიული უსაფრთხოების კონცეფციის ჩარჩოებში გეოპოლიტიკის შემუშავებისას, მან წამოაყენა „ტერიტორიებზე ინტეგრირებული კონტროლის“ პრინციპი, რომელიც უნდა განხორციელდეს ამერიკის მიერ მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონკურენტების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით. ავითარებდა რა ზღვისა და მიწის (აშშ და სსრკ) დაპირისპირების იდეას, სპიკმენი სამყაროს გეოპოლიტიკურ ღერძად თვლიდა არა უძრავ ჰართლანდს, არამედ მის მოპირდაპირე ზონას – რიმლენდს, რომლის საზღვრები მიუყვებოდა ჰართლანდის საზღვრების სიახლოვეს ევროპას, ახლო და შუა აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ჰართლანდი ამ ზონაზე ახორციელებს ზეწოლას და ცდილობს გააერთიანოს თავისი კონტროლის ქვეშ იმ დროს როცა იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს კონტინენტური სახელმწიფოს ე.წ. „შეკავებისა“ და „გაგუდვის“ პოლიტიკის განხორციელებას თავისი სამხედრო ბაზებით და სამხედრო–პოლიტიკური კავშირების შექმნით. სპიკმენის კონცეფციამ გავლენა მოახდინა აშშ–ს საგარეო პოლიტიკაზე და განსაკუთრებით, „ცივი ომის“ სტრატეგიაზე და უპირველეს ყოვლისა, 1950—1960 წლებზე (ტრუმენის დოქტრინა და სხვ.).
მეორე მსოფლიო ომში აშშ–ს არ განუცია განადგურება და სერიოზული დანაკარგი პირიქით, გააძლიერა ეკონომიკა და მეცნიერება. შეერთებული შტატები გახდა პლანეტის პირველი ზესახელმწიფო. ის სათავეში ჩაუდგა სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკს — „ნატო“. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია ამერიკის გეოპოლიტიკური კონცეფციის რეინტერპრეტაცია პრინციპით „დინამიური შეკავება“.
საულ კოენის იდეების გავლენით განვითარდა იერარქიულ პრინციპზე აგებული რეგიონალური გეოპოლიტიკის კონცეფცია. მან გამოყო ოთხი გეოპოლიტიკური იერარქიული დონეː
- გეოპოლიტიკური სფეროები — ძველი გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მქონე საზღვაო და ევრაზიული;
- გეოპოლიტიკური რეგიონები — შედარებით ერთგვაროვანი და თავისებური სპეციფიკის მქონე გეოპოლიტიკური სფეროს ნაწილები (აღმოსავლეთ ევროპა; სამხრეთ აზია და სხვ.)
- დიდი სახელმწიფოები — აშშ; რუსეთი; ჩინეთი; იაპონია და გაერთიანებული ევროპა, თავიანთი ძირითადი ტერიტორიებით;
- ახალი სახელმწიფოები — სულ ახლახან გაძლიერებული ყოფილი მესამე სამყაროს ქვეყნები (მაგალითად, ირანი), რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახდენენ გადამწყვეტ ზემოქმედებას, გლობალურ გეოპოლიტიკურ წესრიგზე.
საბჭოთა კავშირის დანგრევამ და ზღვასა და ხმელეთს შორის მძაფრი დაპირისპირების შეწყვეტამ მიგვიყვანა მსოფლიო სისტემის დესტაბილიზაციამდე და მის რეგიონალიზაციამდე. ამჯერად, რეგიონებში მიდის ინტეგრაცია, რომლებიც თანდათან დგებიან წამყვან გეოპოლიტიკურ საფეხურზე, ყალიბდება „მრავალპოლუსიანი სამყარო“. თუმცა ეს მრავალპოლუსიანი სამყარო უფრო მეტად და მეტად განსხვავდება განვითარების ხარისხის მიხედვით. დიფერენციისათვის კოენმა შემოგვთავაზა ენტროპიის ცნების გაგება. ენტროპია ეს არის ქაოსის, განუკითხაობის ხარისხი. დაბალი ენტროპიის ქვეყნებს მიეკუთვნებიან დასავლეთის ქვეყნები, ჰართლანდის ნაწილი და შუა აღმოსავლეთი. მაღალი ენტროპიის რეგიონებს მიეკუთვნებიან აფრიკა და ლათინური ამერიკა. კოენის თანახმად, სწორედ დაბალენტროპიული ქვეყნები ქმნიან მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბალანსს, ხოლო მაღალენტროპიული ქვეყნები მუდმივი პრობლემებისა და არასტაბილურობის წყაროა.
კოენის კონცეფცია იძლევა თავისი შემდგომი განვითარებისათვის ორ შესაძლებლობასː
- დაბალენტროპიული ქვეყნების დომინირება იწვევს ერთპოლუსიანი სამყაროს კონცეფციის ჩამოყალიბებას, რომლის ცენტრებად გვევლინება აშშ, ევროპა და იაპონია, როგორც მსგავსი პოლიტიკური სისტემის მფლობელი სამი ძალა, კარგად განვითარებული ეკონომიკითა და ინტერესებით და ურთიერთშორის ომების გამორიცხვით. აირ სტრაუსმა წამოაყენა მეგობრიბაზე, თანამშრომლობასა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფიძნებული გლობალური ერთპოლუსიანობის კონცეფცია. სტრაუსის აზრით, ამ ერთპოლუსიანობის სიმტკიცე დამოკიდებულია მასში რუსეთის გაწევრიანებაზე, რომლის გარეშე გლობალური ერთპოლუსიანობისათვის ბაზა ხდება განსაზღვრული და შემოფარგლული. გეოპოლიტიკოსებისათვის გეოპოლიტიკური წესრიგის ხანგრძლივობის ეს ტენდენცია გაჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ და შემოთავაზებული იქნა ფრენსის ფუკუიამას მიერ „ისტორიის დასასრულის“ იდეა.
- მეორე მიმართულება ამერიკაში დაკავშირებულია „თავდაცვით აზროვნებასთან“ და იმ ფაქტის კონსტატაციასთან, რომ რეგიონალიზაციას მივყავართ აშშ–ს გეოპოლიტიკური დომინირების დაკარგვასთან. ამან მკვეთრი გამოხატულება ჰპოვა სემიუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“ კონცეფციაში. ამ მოსაზრების თანახმად, თანამედროვე პერიოდისათვის დამახასიათებელი ტენდენციაა დესეკულარიზაცია — მრავალი რეგიონის რელიგიურ თვითმყოფადობასთან დაბრუნება, ეს კი ნიშნავს, რომ ამიერიდან ლოკალური ცივილიზაციები ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს გლობალური დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ. ამ კონცეფციის საილუსტრაციო, ნათელი მაგალითია ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდა. ასეთ სიტუაციაში დასავლეთს დიდი ძალისხმევა მოუწევს ერთდროულად რამდენიმე კონკურენტული ცივილიზებული ცენტრის წინააღმდეგ თავისი დომინანტური როლის შესანარჩუნებლად.
ამერიკა იძულებულია გაითვალისწინოს ახალი რეალიები. აშშ გამოხატავს ევროკავშირის მიმართ თავშეკავებულობას, რომელიც თითქმის უახლოვდება კონფედერაციის სტატუსს, ითვლება პოტენციურად ითვლება ჩამოყალიბებად ზესახელმწიფოდ და გააჩნია ერთიანი ვალუტა – ევრო, რომელიც მკაცრად უწევს კონკურენციას დოლარს, წინათ ერთადერთ მსოფლიო ვალუტას. იმასთან დაკავშირებით, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ჩინეთი ფაქტობრივად უახლოვდება ზესახელმწიფოს სტატუსს, აშშ–ს გეოპოლიტიკოსებმა დაიწყეს ჩინეთის მიმართ გადაჭარბებული ყურადღების გამოჩენა. 2010 წელს ჩინეთის ხელმძღვანელობის მისამართით ამერიკული ისთებლიშმენტის პირით გახმოვანდა დიდი ორიანის, აშშ–სა და ჩინეთის ზესახელმწიფოთა ხელშეკრულების გაფორმების იდეა. თუმცა ჩინეთი ჯერჯერობით რჩება მრავალპოლუსიანი სამყაროს პრინციპის ერთგული.
XX-XXI საუკუნეების უდიდესი გეოპოლიტიკოსია ზბიგნევ ბჟეზინსკი, ის აქტიურად ებრძოდა კომუნიზმს, კომუნისტურ პარტიას და სსრკ–ს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ–ს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობისას. სამსახურიდან გადაგომის შემდეგ ის აგრძელებს საზოგადოებრივ აქტიურობას და ამჟამად მის მტერს წარმოადგენს უკვე რუსეთი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. კომუნიზმთან ჩვენ უკვე მოვრჩით, ახლა ჩვენს მტერს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური [ეკლესია] ახალი მსოფლიო წესრიგი აშშ–ს ჰეგემონიით დამყარდება რუსეთის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის ნანგრევებზე.
რუსული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე მეცნიერები თვლიან, რომ რუსული გეოპოლიტიკური სკოლის ისტორია XX საუკუნის 20–ანი წლებიდან იწყება. პირველად ტერმინი „გეოპოლიტიკა“ ევრაზიული მოძრაობის ლიდერებმა იხმარეს. ეს მოძრაობა 20–ან წლებში დასრულდა სსრკ–ს შექმნით.
არსებობის სხვადასხვა ეტაპზე საბჭოთა კავშირს ჰქონდა განსხვავებული, დროებით მოქმედი გეოპოლიტიკური პოლიტიკა და პრაქტიკა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდგომ საბჭოთა კავშირმა მკვეთრად გააძლიერა თავისი გავლენა მსოფლიოში – შეიერთა გარკვეული ტერიტორიები (აღმოსავლეთ პრუსია, ფინეთის მცირე ნაწილი, კარპატისპირეთი, სამხრეთ სახალინი და კურილია, ტანი–ტივუ), აგრეთვე შექმნა სოციალისტური სახელმწიფო – სატელიტები, მხარს უჭერდა არშემდგარ კავშირს სამხრეთ ევროპაში, ე.წ. „მცირე საბჭოთა კავშირის“, რომელშიც უნდა შესულიყვნენ ბულგარეთი, იუგოსლავია, ალბანეთი და შესაძლოა, რუმინეთი და საბერძნეთი̃.
XX საუკუნის მეორე ნახევარში სსრკ გახდა პლანეტის ორი ზესახელმწიფოდან ერთ–ერთი აშშ–სთან ერთად. მან შექმნა, ასევე, „ნატოს“ საწინააღმდეგოდ სამხედრო–პოლიტიკური ბლოგი „ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები“. ფაქტობრივად სსრკ იყოფდა პლანეტის გეოპოლიტიკურ კონტროლს აშშ–სთან ერთად. სსრკ–ს ჰქონდა ოდესღაც მძლავრი სამხერდო–სამრეწველო კომპლექსი და შიარაღებული ძალები. მისი გეოპოლიტიკა ფართოდ ოპერირებდა ურთიერთდაპირისპირებული ცნებებით – „მსოფლიო კაპიტალიზმი“ და „მსოფლიო სოციალიზმი“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს, დაიშალა საბჭოთა ბლოკი („მსოფლიო სოციალისტური სისტემა“), დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი, მისი მემკვიდრე სახელმწიფო რუსეთი ცდილობს კვლავ განამტკიცოს თავისი გავლენის მსოფლიოში. განსაკუთრებით, შეინარჩუნოს სატელიტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამისთვის, ხშირად ის მიმართავს საერთაშორისო სამართლისათვის შეუფერებელ ნორმებს.
გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიდალ დე ლა ბლაში (1845—1918)
- ივ ლაკოსტი
- ემერიკ შოპრადი
ინგლისური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალფრედ ტეიერ მეჰენი
- ელსიორტ ჰანტინგტონი (1876—1947)
- ნიკოლას სპაიკმენი
- ზბიგნევ ბჟეზინსკი
- სემიუელ ფილიპსი ჰანტინგტონი
- ფილიპ ეიჯი (1935-2008)
- უილიამ ენგლადი
რუსული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მირონენკო ნიკოლოზ სიმონის ძე
- დანილევსკი ნიკოლოზ იაკობის ძე
- ლეონტიევი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- მეჩნიკოვი ლევ ილიას ძე
- იუჟაკოვი სერგო ნიკოლოზის ძე
- ლამანსკი ვლადიმერ ივანეს ძე
- ვანდამი ალექსი ეფიმის ძე
- სემიონოვ–ტიან–შანსკი ბენიამინ პეტრეს ძე
- პლეხანოვი გიორგი ვალენტინის ძე
- სავიცკი პეტრე ნიკოლოზის ძე
- ციმბურსკი ვლადიმერ ლეონიდეს ძე
- ნაროჩნიცკი ალექსი ლეონტის ძე
- დუგინი ალექსანდრე ჰელის ძე
- ივაშოვი ლეონიდ გრიგორის ძე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- O'Loughlin, John / Heske, Henning. "From War to a Discipline for Peace". In: Kliot, N. and Waterman, S. (ed.): The Political Geography of Conflict and Peace. London: Belhaven Press, 1991
- Spang, Christian W.: “As a Factor within Japanese-German Rapprochement in the Inter-War Years?”, in: C. W. Spang, R.-H. Wippich (eds.), Japanese-German Relations, 1895–1945. War, Diplomacy and Public Opinion, London, 2006, pp. 139–157.
- Мэхэн, Альфред Тайер. Влияние морской силы на историю 1660—1783, СПб.: Типография морского министерства — 1896
- Переслегин С. Б. Самоучитель игры на мировой шахматной доске. — М.: АСТ, Terra Fantastica, 2005. ISBN 5-17-027583-8.
- Данилевский Н. Россия и Европа. // Классика геополитики, XIX век. — М.: АСТ, 2003. ISBN 5-17-017281-8
- Макиндер Х. Географическая ось истории // Полис. — 1995. — № 4.
- Бжезинский З. Великая шахматная доска. — М.: Международные отношения, 2005. ISBN 5-7133-0967-3.
- Хантингтон С. Столкновение цивилизаций. — М.: АСТ, 2003. ISBN 5-17-007923-0.
- Дугин А. Основы геополитики. — М.: Арктогея, 2000. ISBN 5-8186-0004-1.
- Колосов В. А., Мироненко Н. С. Геополитика и политическая география: учебник для студентов вузов. — М.: Аспект-Пресс, 2001. ISBN 5-7567-0143-5.
- Василенко И. А. Геополитика. — М.: Гардарики, 2003. ISBN 5-8297-0254-1.
- Миньяр-Белоручев К. В. Мировая геополитика. — М.: Проспект-АП, 2006. ISBN 5-98398-018-1.
- Krejčí, Oskar. Geopolitics of the Central European Region. The view from Prague and Bratislava. — Bratislava: Veda, 2005. ISBN 80-224-0852-2.
- Елацков А. Б. О понятии «геополитика» в современной России // Вестник Санкт-Петербургского университета. Серия 7: геология, география. — 2000. — Вып. 3
- Клавихо Р. Г. де. Дневник путешествия в Самарканд ко двору Тимура. — М.: Наука, 1990. — 211 с. ISBN 5-02-016766-5.
- Браун Л. А. История географических карт. — М.: Центрполиграф, 2006. — 479 с. ISBN 5-9524-2339-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) International Geopolitics Reporters Association (I.G.R.A.)
- (ფრანგული) The Eyes of the World
- გეოპოლიტიკის საფუძველბი
- გეოპოლიტიკა და კავკასია
- საზოგადოება და პოლიტიკა
- გეოპოლიტიკის ხიბლი[მკვდარი ბმული]
- ზაზა ალექსიძე | საქართველოს გეოპოლიტიკა და კავკასია
- გაზის გეოპოლიტიკა დაარქივებული 2016-09-28 საიტზე Wayback Machine.